20-წლამდელთა შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის


უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 
უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ. პირველ ორ წელს მათ თითო-თითო, მეოთხე თამაში მოიგეს (2016 წელს იტალიასთან 18:17 და 2017 წელს არგენტინასთან 26:25), შარშან კი ზედიზედ სამ მეტოქეს სძლიეს (ირლანდიასთან 24:20, იაპონიასთან 24:22 და შოტლანდიასთან 39:31) და ჯამში სარეკორდო, მე-9 ადგილი დაიკავეს. 
წელს არგენტინაში „გ“ ჯგუფში, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ვითამაშებთ, იქ დაკავებული ადგილის მიხედვით კი გაირკვევა, საბოლოოდ რომელი პოზიციისთვის გააგრძელებენ ბრძოლას უმცროსი ბორჯღალოსნები. პროგრამა მინიმუმი ახლაც 12 უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა ბიჭები შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებასაც ეცდებიან. 
22 ადგილობრივი და 6 ლეგიონერი
მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობაში 15 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. მათგან ექვსი, პირველხაზელი და ლეგიონერია. ქართული კლუბებიდან ამ ხაზში მხოლოდ "ჯიქის" კვაჭი ლუკა ნიორაძე მოხვდა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე მოთამაშეს ფრანგულ კლუბებთან უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი და ისინი ახალ გუნდებს 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.  
ყველაზე მეტი, 5 მოთამაშით ლელო სარასენსია წარმოდგენილი, 20-წლამდელებში 4 მორაგბე ჰყავს არმაზს, 3-3 ჯიქს და აიას, 2-2 არმიას და ხარებს, ხოლო თითო-თითო ხვამლს, ყოჩებს და აკადემიას. არგენტინაში წამსვლელ მორაგბეთაგან ორს, თედო აბჟანდაძეს და ვანო კარკაძეს, ზურგს ბორჯღალოსანთა რიგებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს. მნიშვნელოვანია, რომ აბჟანდაძისთვის ეს 20-წლამდელთა მესამე ჩემპიონატია. 
გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ამბობს, რომ გუნდი ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლებს:
„სამწუხაროდ, რამდენიმე ბიჭი ტრავმის გამო მოვისაკლისეთ, გიორგი ახალაძე კი დისკვალიფიცირებულია. შემადგენლობაში არ გვყავს მაღალი, მხტომელი ბიჭები და დერეფანში ლიმიტირებულები ვიქნებით. სამაგიეროდ ძლიერები უნდა ვიყოთ კონტაქტის ზონაში, ღია თამაშში და არავისთვის ვიქნებით საჩუქარი. გულშემატკივარს ვპირდები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრძოლა ყველა თამაშში ბოლო წუთამდე გაგრძელდება“.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა